2022წ. — დამატებითი სესია
წაკითხულის გააზრება - საერთო სამაგისტრო გამოცდა 2022. 21 დავალება, რეკომენდებული დრო 1 სთ 15 წთ.
წყარო: National Assessment and Examinations Center (NAEC) — naec.ge
ტექსტი №1
I მოხელე სახელმწიფო სამსახურში მყოფი ინდივიდია, რომლის ფუნქციები და მოვალეობები სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებულია და ეპოქათა მიხედვით იცვლება.
II ძველ დროში სამოხელეო აპარატი ყველაზე განვითარებული სახით რომში იყო წარმოდგენილი. ის გამორჩეული იყო როგორც მოხელეთა რაოდენობით, ისე მათი ნაირსახეობებით, ფუნქციების ზუსტი განსაზღვრითა და უფლება-მოვალეობების დახვეწილი რეგლამენტაციით. რომაელ მოხელეთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც არჩევითი, ისე დანიშვნითი თანამდებობის პირები.
III რომის რესპუბლიკაში უმაღლეს თანამდებობად მიჩნეული იყო არჩევითი თანამდებობის პირი – კონსული. კონსულები აღჭურვილნი იყვნენ საკანონმდებლო ფუნქციით, სარდლობდნენ ლაშქარს ომში, განაგებდნენ ფინანსებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, ომის დროს კონსულებიდან არაუმეტეს ექვსი თვის ვადით ირჩევდნენ დიქტატორს, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ენიჭებოდა. სახელმწიფო მოხელეს – ცენზორს – იმ რომაელ მოქალაქეთაგან ირჩევდნენ, რომლებსაც მანამდე კონსულის თანამდებობა ეჭირათ. მის ფუნქციებში შედიოდა ადათებისა და ქონებრივი ცენზისათვის თვალყურის დევნება, მოქალაქეთა გადანაწილება ქონებრივ ჯგუფებში და მათი დასჯა ზნეობის ნორმების დარღვევის გამო. ეს უფლებები ცენზორს, გარკვეული თვალსაზრისით, კონსულზე მაღლაც აყენებდა.
IV ათენის სახელმწიფოში ჭარბობდნენ არჩევითი მოხელეები. დანიშნული თანამდებობის პირი მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა სახელმწიფოს მართვაში. ათენელ მოქალაქეს, რომლის იდეალი პირადი თავისუფლება და პიროვნული განვითარება იყო, ეთაკილებოდა ამ თანამდებობის დაკავება. ამიტომ დანიშნული მოხელეები ხშირად არამოქალაქეთა წრის წარმომადგენლები იყვნენ.
V ათენში უმაღლესი თანამდებობის პირებს არქონტები წარმოადგენდნენ. მათი რიცხვი სხვადასხვა პერიოდში ექვსიდან ცხრამდე მერყეობდა. მათ შორის ფუნქციები საკმაოდ მკაფიოდ იყო გამიჯნული. არქონტ-ეპონიმოსობა სამოქალაქო თანამდებობა იყო და, უმთავრესად, საკუთრების დაცვასთან იყო დაკავშირებული. არქონტ-ეპონიმოსს უნდა უზრუნველეყო მოქალაქეთა დაცვა უწესრიგობისა და მათ მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებებისგან. მის მოვალეობაში შედიოდა, ასევე, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავების მოგვარება. არქონტ-ბასილევსს, უმთავრესად, ღმერთებისადმი მიძღვნილი დღესასწაულებისა და რიტუალების ორგანიზება ეკისრებოდა, ხოლო არქონტ-სტრატეგოსს – სამხედრო მოვალეობების აღსრულება. არქონტები თანამდებობას ერთი წლის ვადით იკავებდნენ. პიროვნების ხელახლა არჩევა მხოლოდ არქონტ-სტრატეგოსის, სარდლის თანამდებობაზე იყო შესაძლებელი, რადგან ნიჭიერ სარდალს ბერძნები იოლად ვერ შეელეოდნენ, სხვა პოზიციაზე კი საგანგებო ტალანტი არ იყო იმდენად არსებითი.
VI როგორც დანიშვნითი, ასევე არჩევითი თანამდებობის პირებს ქართულ ფეოდალურ სამეფოშიც ვხვდებით. ამ უკანასკნელთ ანტიკური სამყაროს არჩევითი მოხელეებისაგან განასხვავებდა თანამდებობაზე ყოფნის ვადის რეგლამენტაციის არარსებობა. ქართულ ფეოდალურ სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობები მხოლოდ წარჩინებულ, მდიდარ ადამიანებს ეძლეოდათ. ხშირად ერთი საგვარეულო დიდი ხნის განმავლობაში ფლობდა რომელიმე თანამდებობას, რაც აისახა კიდეც თანამდებობის სახელწოდების გვარად გადაქცევაში. მაგალითად, ასეა გაჩენილი ისეთი გვარები, როგორებიცაა: ამილახვარი, ამირეჯიბი, ერისთავი და სხვ.
VII ერისთავი სახელმწიფო მოხელე იყო, რომელიც სათავეში ედგა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულს – საერისთავოს. მას ევალებოდა საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. ერისთავს ჰქონდა ხელისუფლების ინსიგნიები – დროშა, ბეჭედი, საყურე, გამორჩეული სამოსი. ის ფლობდა საგვარეულო მონასტერსა და ციხე-დარბაზს. დროთა განმავლობაში ერისთავებმა ეს მოხელეობა სამემკვიდრეოდ გაიხადეს. თამარის მეფობის დროს საქართველოში ყოფილან სვანთა, რაჭის, ოდიშის, ქართლის, კახეთის, ჰერეთისა და სამცხის ერისთავები. ამ დიდ ერისთავებს ერისთავთ-ერისთავთა ტიტულიც ჰქონდათ.
VIII ათენსა და რომში ადრეულ პერიოდში უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები წარჩინებულების ხელში იყო. დროთა განმავლობაში მაღალი თანამდებობების დაკავება ნებადართული გახდა მოქალაქეთა სხვა ფენების წარმომადგენლებისთვისაც. ეს ფაქტი უკავშირდება არა იმდენად საზოგადოების დემოკრატიზაციას, რამდენადაც ცვლილებებს ელიტის შემადგენლობაში. თუ საწყის ეტაპზე ბერძნული და რომაული ელიტა არისტოკრატიული იყო, გვიანდელ ეტაპზე ადამიანის ადგილი საზოგადოებაში განისაზღვრა მისი ქონებრივი მდგომარეობით. წარჩინებულთა მაგივრად სოციალური კიბის თავში აღმოჩნდნენ და, შესაბამისად, სამოხელეო ადგილების დაკავება დაიწყეს შედარებით დაბალი წრის ქონებრივად მომძლავრებულმა, გამდიდრებულმა „უაზნოებმა“. რაც შეეხება საქართველოს, იქ „გამდიდებული მდაბიოს“ ინტეგრაციის პროცესი ელიტარულ წრეებში ადრეულ შუა საუკუნეებში არ განხორციელებულა.