2021წ. — II ვარიანტი
წაკითხულის გააზრება - საერთო სამაგისტრო გამოცდა 2021. 21 დავალება, რეკომენდებული დრო 1 სთ 15 წთ.
წყარო: National Assessment and Examinations Center (NAEC) — naec.ge
ტექსტი №1
I XXI საუკუნეში საზოგადოება დგას საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ტრადიციისა და ღირებულების მქონე, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში მცხოვრები ადამიანების კავშირსა და ურთიერთქმედებას. როდესაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს, თავს იჩენს კულტურული განსხვავებულობა, რაც მრავალი კულტურული ფაქტორითაა განპირობებული.
II კულტურებს შორის ურთიერთგაგების გაუმჯობესებასა და კულტურათა შორის კომუნიკაციის დამყარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუამავალი – მედიატორი. მედიატორი კულტურათაშორისი კომპეტენციის მქონე ადამიანია, რომელიც უნდა შევიდეს კონტაქტში „სხვებთან“, უშუამდგომლოს სხვადასხვა პერსპექტივის მქონე ადამიანებს და გაიაზროს, როგორ აცნობიერებენ ისინი ერთმანეთის განსხვავებულობას.
III კულტურათაშორისი კომპეტენცია განიმარტება, როგორც კულტურათაშორის სიტუაციებში სტრატეგიული ქმედებისა და კომუნიკაციის უნარი. კულტურათაშორისი კომპეტენციის მნიშვნელოვანი კომპონენტებია: ღიაობა, ცნობისმოყვარეობა, გაცნობიერება იმისა, რომ ღირებულებათა შენი სისტემა არ არის ერთადერთი. ასევე მნიშვნელოვანია დეცენტრირების, ანუ საკუთარი ღირებულებების, მრწამსისა და ქცევის დანახვისა და შეფასების უნარი განსხვავებული ღირებულებების, მრწამსისა და ქცევის ადამიანის პერსპექტივიდან. კიდევ ერთი საყურადღებო და აუცილებელი კომპონენტია ამა თუ იმ კულტურაში სოციალური და ინდივიდუალური ინტერაქციის პროცესების პრაქტიკული ცოდნა.
IV თავისი საქმიანობის სწორად წარმართვისათვის შუამავალს დასჭირდება ისეთი სპეციფიკური უნარები, როგორებიცაა: ახალი, „უცხო“ მოვლენის ახსნა, საკუთარი კულტურის დაკავშირება უცხო კულტურის შესაბამის მოვლენასთან და მათი შედარება, საკუთარი კულტურისა და ღირებულებების კრიტიკულად აღქმა. კულტურათაშორისი კომპეტენციის განვითარება არ არის მიმართული ადამიანის ღირებულებების შეცვლისაკენ. მისი დანიშნულებაა „სხვისი“ ღირებულებების გააზრება, რაც ყველა ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის აღიარების საწინდარია. ამგვარი უნარების მქონე ადამიანს შეუძლია სხვადასხვა კულტურის პერსპექტივიდან შეაფასოს კონკრეტულ ვითარებაში წარმოქმნილი სირთულეები, გააანალიზოს კომუნიკაციისა და ქცევის „უცხო“ წესები, შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურა და შეაფასოს კულტურული განსხვავებებით განპირობებული პრობლემები.
V კულტურათაშორისი კომუნიკაციის უკეთ გასააზრებლად შუამავალმა ინდივიდის მენტალობა სამ დონეზე უნდა გააანალიზოს. პირველი დონე გულისხმობს ზოგადადამიანურ, ანუ უნივერსალურ მახასიათებლებს, რომლებიც მემკვიდრეობითაა მიღებული; მეორეა ამა თუ იმ ჯგუფის კულტურული მახასიათებლები, რომლებიც სწავლისა და სოციალიზაციის შედეგად არის შეძენილი; დაბოლოს, პიროვნული მახასიათებლები – ერთდროულად მემკვიდრეობით მიღებული და დასწავლილი. ადამიანები ფლობენ ყველა ამ მახასიათებელს. ეს მახასიათებლები გავლენას ახდენს ჯგუფისა და ჯგუფის თითოეული წევრის ქცევაზე, ასევე, ჯგუფის წევრების მიერ სხვათა ქცევის აღქმასა და მასზე რეაგირებაზე. შესაბამისად, მოცემული მახასიათებლების ცოდნა და გათვალისწინება კულტურათაშორის ურთიერთობებში ხელს უწყობს ამ ურთიერთობათა მოწესრიგებას და ზრდის სხვა კულტურის წარმომადგენელთა ცხოვრების წესის მიმღებლობას.
VI კულტურათაშორისი კომუნიკაციის მართვისას მედიატორმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ქცევის კულტურულ მოდელებს, რომლებიც საფუძვლად უდევს კულტურათაშორის კომუნიკაციას. ამ მოდელებს „კულტურული სტანდარტები“ ეწოდება. სწორედ კულტურული სტანდარტებითაა განპირობებული ის დისტანცია, რომელიც კულტურათა შეხვედრების დროს იქცევა პრობლემად. არსებობს ხუთი კულტურული სტანდარტი, რომლებიც საფუძვლად უდევს ადამიანთა სოციალურ ქცევას კულტურათაშორისი ურთიერთქმედების დროს. ესენია: ინდივიდუალიზმი – კოლექტივიზმი, უჩვეულო ვითარებაში საფრთხის შეფასების თავისებურებები, დამოკიდებულება ძალაუფლების მიმართ, მასკულინობა – ფემინურობა, დროის აღქმა – საზოგადოების დროითი დაგეგმარების ჰორიზონტი (ხანმოკლე – ხანგრძლივი).
VII კულტურათაშორის კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კულტურა არ არის ჰომოგენური მთლიანობა, ის ცვალებადი და კომპლექსურია. შეუძლებელია ათასობით და მილიონობით ადამიანის ქცევა და მსოფლხედვა ერთმანეთს ემთხვეოდეს, ამიტომ მათი მისადაგება კულტურულ სტანდარტებთან ყოველთვის ადვილი არ არის. თუმცა კულტურათაშორისი სტანდარტების იდენტიფიკაცია მაინც საჭიროა; მათი შესწავლით შესაძლებელი ხდება კულტურათაშორისი პრობლემების პროგნოზი და პრევენცია.