ტექსტი №1
I ძველი ბერძნული ტრაგედია, უპირველეს ყოვლისა, იქმნებოდა თეატრში სცენაზე წარმოსადგენად. ჩვენამდე თითქმის არ მოაღწია ინფორმაციამ იმის შესახებ, თუ როგორი მუსიკა ჟღერდა სცენაზე, როგორი იყო ქორეოგრაფია, მსახიობთა ხმის ტემბრი, მათი ჟესტიკულაცია, რას წარმოადგენდა სცენოგრაფია. ეს დიდი დანაკლისია, რადგან დრამის თეატრალური ასპექტები, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად ზრდიდა მაყურებელზე მისი ზემოქმედების ძალას. რაც შეეხება თავად დრამათა ტექსტებს, ისინი ძალიან მწირ ინფორმაციას იძლევა ძველი ბერძნული თეატრის შესახებ, თუმცა გარკვეული მითითებები იმპლიციტურად მაინც არის ტექსტებში. ამგვარია დრამატურგის მიერ გამოყენებული ფერები.
II ძველ ბერძნულ დრამაში გამოყენებული ფერების მიხედვით შეიძლება აღვადგინოთ ბერძნული სცენოგრაფიის ცალკეული დეტალი. ზოგჯერ ტრაგედიებში ფერს კონცეპტუალური დატვირთვაც აქვს, რომელიც ტრაგედიის ქვეტექსტისა და მწერლის მხატვრული ჩანაფიქრის წვდომასა და გამჟღავნებაში გვეხმარება.
III საყოველთაოდ აღიარებულია, რომ უხუცეს ბერძენ ტრაგიკოსს, ესქილეს, ახასიათებს სიმარტივე, სისადავე, რაც დრამატურგის დიდ ოსტატობაზე მიანიშნებს. ფერთა გამაც ესქილეს ტრაგედიებში საკმაოდ მწირია, რაც ტრაგიკოსის სტილის სპეციფიკას, სისადავეს უკავშირდება. ფერი მის ტრაგედიებში იშვიათად გვევლინება სცენის სამკაულად. ის ყოველთვის სრულიად განსაზღვრული ფუნქციის მატარებელია, კერძოდ, ის არის ერთგვარი გასაღები ტრაგედიის ამა თუ იმ ეპიზოდის უკეთ გასააზრებლად, მისი რელიგიურ-მითოლოგიური ქვეტექსტის ამოსაცნობად. ფერის საშუალებით ესქილესთან ხდება ძირითადი მოტივის, ამა თუ იმ ცნებისა თუ იდეის ინტენსიფიკაცია – გაძლიერება, გამოკვეთა. იმავდროულად, ფერი ესქილეს მხატვრული ენის – ეპითეტების, შედარებებისა და მეტაფორების – განუყოფელი ნაწილია.
IV დიდი ტრაგიკოსის, სოფოკლეს ფერთა გამა, ესქილესთან შედარებით, კიდევ უფრო ნაკლები რაოდენობის ფერებით შემოიფარგლება. ცნობილია, რომ მისთვის განმსაზღვრელი პერსონაჟების შინაგან სამყაროში მომხდარი ძვრებია. ის, ემოციურ ზემოქმედებასთან შედარებით, უპირატესობას ეთიკურ ფაქტორს, მაყურებელზე მორალურ-ზნეობრივი გავლენის მოხდენას ანიჭებს. ის იშვიათად მიმართავს ენის სამკაულებს – ეპითეტებს, შედარებებს, მეტაფორებს. თავისი მოღვაწეობის საწყის ეტაპზე ის ესქილეს გავლენას განიცდის, შესაბამისად, მასთანაც დასტურდება დომინანტური ფერები, რომლებიც ნაწარმოებების ძირითადი მოტივების საინტენსიფიკაციოდ გამოიყენება, ხოლო მოგვიანებით ის იწყებს ფერების გამოყენებას ყოველგვარი კანონზომიერების, ღრმა ქვეტექსტებისა და მხატვრული ჩანაფიქრის გარეშე. ის, ამასთანავე, შეგნებულად გაურბის ვიზუალურ ეფექტებსა და მყვირალა ექსტერიერს, შესაბამისად, ფერი მასთან გამოყენების სიხშირითა და ფუნქციით მეორეხარისხოვანია.
V ევრიპიდე, სხვა ტრაგიკოსებთან შედარებით, იყენებს უფრო მეტ ფერს, ხშირად მიმართავს სხვადასხვა ფერის საკმაოდ თამამ და ზოგჯერ მოულოდნელ შეხამებას. სამყაროს ასეთი ფერადოვანი აღქმით, ფერთა კომბინაციებით, ფერთა მიზანმიმართული გამოყენებით ის მაქსიმალურად რეალისტურ და შთამბეჭდავ ვიზუალურ ხატებს ქმნის. შესაბამისად, მისი ქრომატული ხედვა უფრო ფერწერულია, ვიდრე დრამატული.
VI ევრიპიდეს მიერ ბერძნული დრამის ფერთამეტყველებაში შეტანილი სიახლე ევრიპიდეს მწერლური ხედვის ისეთ თავისებურებას უკავშირდება, როგორიცაა ირონია. მასთან ირონიული შეიძლება იყოს ყველაფერი – გმირებისა თუ ღმერთების წარმოდგენის მანერა, სიუჟეტის განვითარება, ნაწარმოებში არეკლილი პოლიტიკური რეალიები თუ რიტუალები და სხვ. ფერების შემთხვევაში ირონიულობას იწვევს კონტრასტი ფერის მნიშვნელობასა და იმ კონტექსტს შორის, რომელშიც ის არის გამოყენებული. ევრიპიდე თითქოს ფერით თამაშობს. პოზიტიური ფერი, მაგალითად, თეთრი, თითქოს უნდა მიგვანიშნებდეს დადებით მოვლენაზე, ხოლო მეწამული – სისხლისღვრასა და უბედურებაზე. მაგრამ საქმე პირიქით არის ხოლმე. ევრიპიდესთან თეთრი ფერი საკმაოდ ტრაგიკულ მომენტებში იჩენს ხოლმე თავს, ხოლო მეწამული – საკმაოდ მშვიდობიან სცენებში. ეს, ერთი მხრივ, ტრაგიკული ირონიის გამოვლინებაა, ხოლო, მეორე მხრივ, ფერის დრამატული ფუნქციის მოშლა.