ვარჯიში
2021წ. — IV ვარიანტი
წყარო: National Assessment and Examinations Center (NAEC) — naec.ge
ყოველი პასუხი მაშინვე მოწმდება, ტაიმერის გარეშე. არაფერი ინახება. ტესტის დაწყება
ტექსტი №1
კონსტრუქტივიზმი, როგორც სწავლისა და სწავლების მეთოდი, იმ გზებსა და ხერხებს შეისწავლის, რომელთა მეშვეობითაც ადამიანები ცოდნას იძენენ. ამ მეთოდის ფარგლებში შემუშავებულია არაერთი სტრატეგია. მათი სწორი გამოყენება დიდწილად სასწავლო პროცესის წარმატებას განაპირობებს, ამიტომ ეს სტრატეგიები მასწავლებელს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული.
სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდის ერთ-ერთი სტრატეგია – დაკავშირება – გულისხმობს ახალი იდეების დაკავშირებას არსებულ ცოდნასთან. ის უმეტესწილად ახალ თემაზე გადასვლისას გამოიყენება. მასწავლებელმა ამ სტრატეგიას გაკვეთილის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება მიმართოს. მან უნდა დაადგინოს, რა იციან მოსწავლეებმა იმ თემის შესახებ, რომლის ახსნასაც ის აპირებს და სიახლე უკვე ნაცნობს – ნასწავლსა და გამოცდილებით მიღებულ ცოდნას უნდა დაუკავშიროს.
სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდის კიდევ ერთი სტრატეგიაა მოდელირება. ამ სტრატეგიას მასწავლებელი მიმართავს რთულ დავალებაზე მუშაობისას. ის ცდილობს მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გახადოს ნაბიჯები, რომლებიც დავალების შესასრულებლადაა საჭირო. ამ დროს მასწავლებელი უზიარებს მოსწავლეებს თავის შეხედულებას პრობლემის გადაჭრის შესახებ, განუმარტავს მათ, თუ რატომ აირჩია ესა თუ ის გზა და მიუთითებს პრობლემის გადასაჭრელ საკვანძო მომენტებზე.
მასწავლებელმა კლასში რთული დავალების გადაჭრისას ასევე შეიძლება მიმართოს ე. წ. ხარაჩოს სტრატეგიას. ისეთი დავალებების მიცემისას, რომელთა დამოუკიდებლად შესრულებაც მოსწავლეებს გაუჭირდებათ, მასწავლებელი მათ ეხმარება, შემდეგ თანდათან ამცირებს დახმარების წილს და საბოლოოდ მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისათვის თავის გართმევას. „ხარაჩოს“ სტრატეგია სხვადასხვა ტიპის დახმარებას ითვალისწინებს, ესენია: მინიშნებები, შეკითხვების დასმა, არსებულ რესურსებზე მითითება და სხვ. ამ სტრატეგიის მიზანია მოსწავლისათვის არა მარტო კონკრეტული ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლის განვითარების ხელშეწყობა შემეცნებითი აქტივობების მეშვეობით. ამ სტრატეგიის გამოყენებისას არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის მასწავლებელი ეხმარებოდეს მოსწავლეს. მცირე ჯგუფების მუშაობისას „ხარაჩოს“ ფუნქცია მოსწავლეებს შორის დისკუსიამაც შეიძლება შეასრულოს.
კონსტრუქტივისტული სწავლების ერთ-ერთი სტრატეგია არტიკულაციაა, რომელიც გულისხმობს მოსწავლის წახალისებას, რათა მან შეძლოს საკუთარი აზრების, ფიქრებისა და გადაწყვეტილებების გასაგებად ჩამოყალიბება. მასწავლებელმა კლასში უნდა შექმნას ისეთი გარემო, სადაც მოსწავლე თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ აზრს. მცირე ჯგუფებში მუშაობა საუკეთესო პირობაა ამგვარი აქტივობისათვის. საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება ვერბალიზაციის გზით მოსწავლეებს მასალის უკეთ გააზრებაში ეხმარება.
კონსტრუქტივისტული სწავლების სტრატეგიაა ასევე რეფლექსია, როდესაც მოსწავლეები თავად აანალიზებენ თავიანთი სწავლის პროცესსა და შედეგს. ამ დროს კარგად მუშაობს შედარების მეთოდი; მაგალითად, მოსწავლე თავის შეხედულებებსა და ნამუშევრებს სხვა მოსწავლეების აზრებსა და ნამუშევრებს ადარებს. ეს მნიშვნელოვანი პროცესია ახალი მასალის ასათვისებლად. ამ გზით მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება უვითარდებათ, ისინი იაზრებენ საკუთარ შესაძლებლობებს და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად გამოყენებული გზების ეფექტიანობასა და ადეკვატურობას.
თანამშრომლობა კონსტრუქტივისტული მეთოდის კიდევ ერთი სტრატეგიაა, რომელიც უკავშირდება სწავლების სოციალურ მხარეს. ის ითვალისწინებს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნას, რომელშიც მოსწავლეები ცოდნას ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში იძენენ. მასწავლებლისაგან მიღებული მითითებებით, რომლებიც საკითხის გადაწყვეტაზეა ორიენტირებული, მოსწავლეები სწავლობენ თანატოლებთან თანამშრომლობას, ერთმანეთისაგან კი ბევრ რამეს ითვისებენ.
სტრატეგია – ადაპტირება – გულისხმობს მასწავლებლის მიერ სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისადაგებას მოსწავლეთა შესაძლებლობებთან. ყურადღება უნდა მიექცეს თითოეული მოსწავლის სწავლის ინდივიდუალურ მხარეებს, არა მხოლოდ მათ აკადემიურ უნარებს, არამედ სწავლის სტილსაც. საჭიროა მოსწავლეებს მასწავლებელმა მისცეს საკმარისი დრო ცნებების საფუძვლიანად გასააზრებლად. აუცილებელია, მან თვალყური ადევნოს სწავლის პროცესს და შეძლოს სასწავლო პროგრამების ადაპტაცია სწავლების პროცესთან.