2021წ. — III ვარიანტი
წაკითხულის გააზრება - საერთო სამაგისტრო გამოცდა 2021. 21 დავალება, რეკომენდებული დრო 1 სთ 15 წთ.
წყარო: National Assessment and Examinations Center (NAEC) — naec.ge
ტექსტი №1
როგორც ცნობილია, ევროპული იდენტობის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა „უცხოს“ ფენომენმა, ანუ იმან, თუ როგორ იაზრებდა ევროპელი უცხო, სხვა ხალხს და როგორ ქმნიდა მასთან დაპირისპირებით საკუთარ იდენტობას. დღეს მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროპელთა იდენტობის ჩამოყალიბება დიდწილად განაპირობა ანტიკურ სამყაროში მიმდინარე პროცესებმა. შესაბამისად, პირველი ევროპული ქსენოსტერეოტიპების შესასწავლად ანტიკურ სამყაროში (ძვ. წ. VIII – ჩვ. წ. V სს.) ჩამოყალიბებული უცხო ხალხების მოდელების კვლევას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება.
უძველესი დროიდან მოყოლებული ბერძნები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ახლო აღმოსავლეთთან, რაზეც ბერძენთა რელიგიაზე, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე აღმოსავლური სამყაროს მძლავრი გავლენები მეტყველებს. არქაიკის პერიოდში (ძვ. წ. VII–VI სს.), როცა იწყება საერთო ბერძნული იდენტობის გაცნობიერება და როცა ღრმავდება ბერძენთა ისტორიული კონტაქტები აღმოსავლეთთან, ამ კავშირს ფონად არ სდევს აღმოსავლეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, პირიქით, ეს ურთიერთობა ღიაობის სულისკვეთებითაა წარმართული.
ელინურ ეპოქაში, ძვ. წ. V საუკუნეში, ბერძნულ-სპარსულმა ომებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აღმოსავლელი ბარბაროსის უარყოფითი ფენომენის ჩამოყალიბებას. ჰეროდოტეს „ისტორიაში“ ნათლად ჩანს იმ ცნობიერების ანარეკლი, რომელიც სპარსელებზე ბერძნების დიადი გამარჯვების შემდეგ ჩამოყალიბდა. ეს არის შეურიგებელი დაპირისპირება ბერძნულ თავისუფლებასა და სპარსეთის დესპოტურ მმართველობას შორის. ბერძენსა და სპარსელს შორის სადემარკაციო ხაზი ისტორიკოსისათვის პოლიტიკურ დისკურსზე გადის. მმართველის პასუხისმგებლობა თავისი ხალხის წინაშე, კანონის ქმედითობა, სიტყვის თავისუფლება და ყველას თანასწორობა კანონის წინაშე – ეს ბერძნული სამყაროს არსებითი მახასიათებლებია, რომლებიც სრულიად უცხოა სპარსეთის პოლიტიკური კონტექსტისათვის. შესაბამისად, ისინი ამ ორი ცივილიზაციის წყალგამყოფს ქმნის.
ძვ. წ. IV საუკუნეში ბერძნებსა და სპარსელებს შორის პოლიტიკური ხასიათის ფაქტორთა განსხვავებას კულტურის, კერძოდ, აღზრდის სისტემის განსხვავებულობაც ემატება. ამ ეპოქის ბერძენთა თვალთახედვით, სპარსეთის იმპერიის დაქვეითებაში პოლიტიკურ კონტექსტთან ერთად არანაკლები როლი კულტურის ფაქტორმა – აღზრდის სისტემის დეგრადაციამაც შეასრულა: სპარსეთის სამეფო კარზე დამკვიდრებულმა „განაზებულმა“ აღზრდამ, ფუფუნებისაკენ სწრაფვამ სავალალო შედეგი გამოიღო სპარსელთათვის.
ელინისტურ პერიოდში (ძვ. წ. III–I სს.) სპარსელთა ბერძნულ რეპრეზენტაციებში შეინიშნება სტერეოტიპიდან გარკვეული გადახრები, კერძოდ, სპარსელთა ხატის ერთ-ერთი კომპონენტი – ფუფუნებაში ცხოვრება – ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აღარ მოიაზრება. ელინისტურ სასახლეებში ფუფუნებაში ცხოვრება ძალაუფლების სიმბოლოდ და პრესტიჟის საქმედ იქცევა.
სპარსელების ხატთან ერთად „უცხოს“ შესწავლის დროს ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ეგვიპტელთა ბერძნული რეპრეზენტაციების კვლევა. ნიშანდობლივია, რომ ეგვიპტელები არ იყვნენ ბერძნების მიერ იმგვარ რადიკალურ „უცხოდ“ გააზრებულნი, როგორც სპარსელები. მაგალითად, ჰომეროსის პოემებში ეგვიპტე გვევლინება შორეულ ქვეყნად, რომელიც სავსეა სამკურნალო ბალახებით, მკურნალებით; ეგვიპტელებმა გამოიგონეს დამწერლობის ხელოვნება, თუმცა, ცივილიზაციის წინაშე ამ დამსახურებათა მიუხედავად, ჰეროდოტესთვის ეგვიპტელი მაინც ბარბაროსია, „სხვაა“, რადგან ეგვიპტელთათვის უცხოა პოლისური ცხოვრება, ისინი მეფის დაქვემდებარებაში ცხოვრობენ. ელინისტურ ეპოქაში ხდება ბერძნისა და „უცხოს“ კონტექსტის შეცვლა – „დეპოლიტიზაცია“, რაც ამ პერიოდის ეგვიპტის ბერძნულ რეპრეზენტაციებშიც აისახა. მაგალითად, მანამდე კანიბალ ფარაონად მიჩნეულ ეგვიპტელ ბუსირისს ბერძენი ფილოსოფოსი ისოკრატე უკვე ცივილიზაციის შემომტან, განმანათლებელ მეფედ განიხილავს.
როგორ, რა სახით იმემკვიდრა ევროპამ ანტიკურობაში ჩასახული ქსენოსტერეოტიპები? შუა საუკუნეებში (ჩვ. წ. V-XV სს.) ევროპასა და აღმოსავლეთს შორის სადემარკაციო ხაზს უკვე რელიგიური კონტექსტი ქმნის. ამ ეპოქაში ევროპა ქრისტიანობის სინონიმი ხდება და აღმოსავლეთს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად აფასებს.
განმანათლებლობის ეპოქაში (XVIII ს.) „უცხოს“ ხატის მთავარი განზომილება იცვლება. ამ პერიოდში ევროპასა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირება უკვე განათლებულობასა და განათლების დეფიციტის ოპოზიციაში ვლინდება. თუმცა ამ ეპოქის ევროპაში, ელინისტური ეპოქის მსგავსად, უცხოს ყველა სტერეოტიპი არ არის აუცილებლად ნეგატიურად შეფასებული. მაგალითად, განმანათლებლობის ზოგიერთი მოაზროვნე მუჰამედს განათლებულ ფილოსოფოსად მიიჩნევდა. „ათას ერთი ღამის“ ფრანგულად თარგმნის შემდეგ კი აღმოსავლეთის შემაშინებელმა ხატმა ეგზოტიკური შტრიხები შეიძინა ევროპელთათვის.