ტექსტი №1
I. ისტორიის ობიექტურად წარმოჩენა მეცნიერთა მიერ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად არის აღიარებული. ამ საკითხს უკავშირდება საზოგადოების მეხსიერებაში დალექილი წარსულის, ანუ კოლექტიური მეხსიერების მეცნიერული კვლევა, რომელიც სათავეს XX საუკუნის 20-იან წლებში იღებს და ასოცირებულია ფრანგი სოციოლოგის, მორის ჰალბვაქსის სახელთან.
II. ჰალბვაქსის აზრით, კოლექტიური მეხსიერება ჯგუფის მიერ გაზიარებული მეხსიერებაა, რომელიც ადამიანთა სოციალიზაციის პროცესში იბადება და მას უპირატესად სოციალური ბუნება აქვს. ჩვენი წარმოდგენები და ცოდნა სამყაროში არსებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ, ჩვენი ეთიკური თუ ესთეტიკური ღირებულებები, დროისა და სივრცის აღქმა თუ აზროვნების სტილი ყალიბდება სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის საფუძველზე. ჩვენ როდი გვამახსოვრდება ყველაფერი ის, რასაც შევიგრძნობთ. კოლექტიური მეხსიერება სელექციურია და, ჰალბვაქსის აზრით, განსაზღვრულია მეხსიერების სოციალური ჩარჩოებით, ჩვენი სოციალური გარემოცვით. ჩვენ გვამახსოვრდება მხოლოდ ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი სოციუმისათვის, შესაბამისად, მეხსიერების ეს ჩარჩოები განაპირობებს ხდომილებათა უწყვეტი ჯაჭვიდან გარკვეული მოვლენების გამოყოფას და მათ დამახსოვრებას.
III. მეხსიერების სოციალური ბუნება განსაზღვრავს არა მხოლოდ დამახსოვრების, არამედ ასევე დავიწყების ფენომენსაც. ყველაფერი ის, რაც არ არის ღირებული ჩვენი სოციუმისათვის და რაც არ თავსდება ჩვენი ჯგუფის „სოციალურ ჩარჩოებში“, გვავიწყდება, უფრო ხშირად კი, უბრალოდ ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. დამახსოვრებისა და დავიწყების ფენომენთა ამგვარი გააზრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ შეუძლებელია არსებობდეს ობიექტური ისტორია, რადგან ისტორიაც არის დამახსოვრებული ამბები, რომელთა ნაწილი, გარკვეული მიზეზებით, შემოგვრჩა მოგონებებში ან დავივიწყეთ.
IV. კოლექტიური მეხსიერების პარალელურად ჰალბვაქსი მსჯელობს ინდივიდუალურ მეხსიერებაზე და მასაც სოციალურ ფენომენად მიიჩნევს. კოლექტიური მეხსიერება მოიცავს ინდივიდუალურს, მაგრამ არ ერწყმის მას. მეორე მხრივ, ინდივიდუალური მეხსიერება ხშირად ეყრდნობა კოლექტიურს. ჰალბვაქსი ინდივიდუალური მეხსიერების სფეროდ ძირითადად პირად შთაბეჭდილებებს მიიჩნევს. ინდივიდუალური მეხსიერების შინაარსები არ არის შემთხვევითი, ის დამოკიდებულია კომუნიკაციურ პროცესებზე და სოციუმში დამკვიდრებულ წარმოდგენებსა და ღირებულებებზე. ჰალბვაქსის მიხედვით, თითოეული ჩვენგანი ერთდროულად რამდენიმე სოციუმის, რამდენიმე ჯგუფის წევრია, იქნება ეს ისეთი ვრცელი თუ ვიწრო ერთობები, როგორებიცაა: ერი, რელიგიური ერთობა, თემი, პოლიტიკური პარტია, ან თუნდაც სპორტული გუნდის გულშემატკივართა ჯგუფი, ოჯახი, მეგობრების წრე, სამეზობლო და ა. შ. რომელიმე ასეთი ჯგუფის წევრობა ნიშნავს ამ ჯგუფისათვის სპეციფიკური და რელევანტური მოგონებების გაზიარებას. სწორედ ჯგუფის სოციალური ჩარჩო განაპირობებს იმას, თუ რა არის ამ სოციუმისათვის რელევანტური და ინდივიდსაც ამახსოვრდება სწორედ ის, რაც მნიშვნელოვანია სათანადო ჯგუფის წევრებისათვის. ჰალბვაქსის მიხედვით, „ინდივიდი ერთდროულად მრავალი ჯგუფის წევრია, ის მრავალი სოციალური ჯგუფის აზროვნების ყაიდის თანამონაწილეა, მისი მზერა მრავალ კოლექტიურ დროს ჭვრეტს“.
V. ინდივიდი არასოდეს არის მარტო. ის მუდამ არის რომელიმე კოლექტივის წევრი და მისი მეხსიერებაც, მისი მოგონებები სწორედ ამ კოლექტივისათვის რელევანტური ინფორმაციით არის განპირობებული. ადამიანი, რომელიც გამცილებლის გარეშე სახლში მიდის, გარკვეული დროის განმავლობაში უეჭველად არის, როგორც იტყვიან ხოლმე, მარტო, მაგრამ ეს სიმარტოვე მოჩვენებითია, ვინაიდან ამ დროსაც მისი აზროვნება და მოქმედება განპირობებულია მისი, როგორც სოციალური არსების, თვისებებით; ის არცერთი წამით არ წყვეტს რომელიმე ჯგუფის წევრობას.
VI. კოლექტიური მეხსიერების ფარგლებში ჰალბვაქსი მეხსიერების სხვადასხვა ფორმას გამოყოფს, მათ შორის არის ე. წ. „ოჯახის მეხსიერება“, რომელიც თავისი არსით ერთი ოჯახის ფარგლებში, ანუ სამ-ოთხ თაობას შორის გაზიარებული მეხსიერებაა. მეხსიერების ამ ტიპის მქონენი ერთი ოჯახის წევრები არიან და ის მოგონებების ცოცხალ ურთიერთგაცვლას ეფუძნება. „ოჯახის მეხსიერება“ ოჯახის წევრების კომუნიკაციის ფარგლებში ყალიბდება, მაგალითად, ოჯახის წევრთა საერთო ვახშმებისა თუ სხვა საერთო ღონისძიებების დროს. ამ ტიპის მეხსიერების ზედა ზღვარი ოჯახის უხუცესი წევრის მოგონებებს არ სცდება. მეხსიერების ეს ფორმა, რომელიც ლამის „თვითმხილველთა“ ჩვენებებს ეფუძნება, მიდრეკილია გადაჭარბებისა და შელამაზებისაკენ, რასაც ჰალბვაქსი „კომუნალურ ჰეროიზაციას“ უწოდებს.